გერმანიის თავდასხმა პოლონეთზე
































 მეორე  მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით. თავდასხმის გამართლების მიზნით გერმანულმა მხარემ მოაწყო რამდენიმე ინციდენტი. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო პოლონურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი „სს-ის“ წევრების თავდასხმა 31 აგვისტოს რადიოსადგურ გლაივიცზე, რომლის დროსაც მათ პოლონურ ენაზე ეთერში გადასცეს პოლონეთის მიერ გერმანიისადმი ომის გამოცხადების ცნობა.

ომის პირველი გასროლა მოახდინა გერმანულმა სასწავლო გემმა „შლეზვიგ-ჰოლშტაინმა“. პოლონური არმია რიცხობრივად თანაბარი იყო ვერმახტის, თუმცა ტექნიკური და საბრძოლო ტაქტიკის მხრივ დიდად ჩამორჩებოდა თავდამსხმელებს. პოლონეთის მთავრობა დიდ იმედებს ამყარებდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარებაზე, რომელებთანაც მას ე.წ. „გარანტიის პაქტი“ ჰქონდა დადებული 1939 წლის 30 მარტს. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა 3 სექტემბერს ულტიმატუმი წაუყენეს გერმანიას და მოსთხოვეს ჯარების დაუყოვნებლივი გამოყვანა პოლონეთის ტერიტორიიდან. „გარანტიის პაქტის“ მიხედვით ინგლის-საფრანგეთს ულტიმატუმის შეუსრულებლობის პირობებში სამხედრო მოქმედებები უნდა დაეწყოთ არაუგვიანეს 15 დღისა. ჰიტლერი იმედოვნებდა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები ისეთივე ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდნენ პოლონეთის მიმართ, როგორიც ეკავათ გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის და ავსტრიის ანშლუსის დროს. გერმანიაზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა რომ პოლონეთის ორივე მოკავშირემ - ინგლისმა და საფრანგეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა.

17 სექტემბერს პოლონეთის იმედებს წერტილი დაესვა. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის საიდუმლო დამატებითი პროტოკოლის შესაბამისად წითელმა არმიამ მოახდინა პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაცია. მიუხედავად ამ ძალადობრივი ფაქტისა ამჯერად ინგლისს და საფრანგეთს საბჭოთა კავშირისათვის ომი არ გამოუცხადებიათ. იმავე დღეს პოლონეთის მთავრობამ დატოვა ქვეყანა და რუმინეთს შეაფარა თავი. პოლონეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალი იყო.

28 სექტემბერს დაეცა პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა, რომელიც 18 სექტემბრის შემდეგ ვერმახტის ალყაში იყო და განუწყვეტლივ იბომბებოდა. 29 სექტემბერს გერმანელებმა აიღეს მოდინის ციხესიმაგრეც.

8 ოქტომბერს ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმების თანახმად პოლონეთი სადემარკაციო ხაზის საშუალებით გაიყვეს გერმანიამ და სსრკ-მა. გერმანიამ არა მარტო ვერსალის ზავით დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა, არამედ მესამე რაიხის შემადგენლობაში შევიდა თითქმის მთელი ცენტრალური პოლონეთი ქ. ლოძთან ერთად. პოლონეთის დანარჩენ ტერიტორიაზე დაარსებულ იქნა გენერალ-გუბერნია.

პოლონეთის დაპყრობას საშინელი შედეგი მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობისათვის. უფასო მუშახელის იძულებით სამუშაობზე დეპორტირება ყოველდღიურ მოვლენად იქცა. განსაკუთრებით დაზარალდა პოლონეთის ებრაული მოსახლეობა, რომელთა განადგურებაც გერმანული რასიზმის უმაღლეს მიზანს წარმოადგენდა. იდენტურ „გენოციდს“ „კლასობრივი მტრების“ წინააღმდეგ აღმოსავლეთ პოლონეთში აწარმოებდა სსრკ-ც.

პოლონეთზე სწრაფი სამხედრო გამარჯვების შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი „ელვისებური ომი“ - იგივე „ბლიცკრიგი“ (გერმ. Blitzkrieg) და იგი გერმანიის სამხედრო ტაკქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა 1941 წლის მიწურულამდე.

No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი