თურქეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში



საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რეპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი იმყოფება. დღეს, 2012 წლის 18 ივლისს, თურქი კოლეგა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. პირისპირ
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები - განსაკუთრებით სამხედრო განათლების კუთხით და ავღანეთში ISAF-ის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის საკითხები განიხილეს. 2010 წლიდან ორი ქართველი მეკავშირე ოფიცერი თურქული კონტინგენტის შემადგენლობაში ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას.



შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა თურქ კოლეგას თავდაცვის სამინისტროს ახალი, სამი T-ს კონცეფცია გააცნო, რომელზეც თავდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს. პირველი T - Total Care გულისხმობს სახელმწიფოს ზრუნვას თითოეულ სამხედრო მოსამსახურესა და მის ოჯახზე. მეორე T - Total Training-ია. რაც შეიძლება მეტი განათლება და წვრთნები იმისთვის, რომ ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაცია დაჩქარდეს. მესამე მიმართულებაა - Total Defence (ტოტალური თავდაცვა). პირისპირ შეხვედრის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


კოლეგების პირისპირ შეხვედის შემდეგ, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ისმეთ ილმაზმა, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ახალაიამ, გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა დევი ჭანკოტაძემ, მისმა მოადგილემ ბრიგადის გენერალმა გიგი კალანდაძემ და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა.

No comments:

Post a Comment

დაპოსტეთ თქვენი კომენტარი