მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.
მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში - ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში ( სურინამის დაპყრობა ), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია ტაბარინი).
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.
პოლიტიკური ვითარება
XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში ევროპის ბევრი სახელმწიფო ტოტალიტარული რეჟიმის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. 1922 წელს იტალიის სათავეში ბენიტო მუსოლინი და ფაშისტური პარტია მოექცა. მათი ექსპანსიური საგარეო პოლიტიკის შედეგი იყო ეთიოპიის (1936) და ალბანეთის (1939) დაპყრობა იტალიის მიერ.
გერმანიაში ამ პერიოდში ძლიერდებოდა ნაცისტური პარტია, რომელმაც საბოლოო გამარჯვებას 1933 წლის არჩევნებში მიაღწია და პარტიის ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი გერმანიის კანცლერი გახდა. ჰიტლერის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო „ვერსალის ზავის“ წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა ე.წ. „გროსდოიჩე რაიხის“ შექმნას და „საარსებო გარემოს“ მოპოვებას აღმოსავლეთში.
ზაარის მხარის (1935), რაინის ოლქის (1936), ავსტრიის (1938) და სუდეტის მიწების (1938) მიერთებით ჰიტლერმა თავისი გეგმის პირველი ორი პუნქტი მეტ-ნაკლებად შეასრულა. ინგლისისა და საფრანგეთის დათმობითმა პოლიტიკამ ყოველივე ამას დიდად შეუწყო ხელი. მაშინაც კი, როცა გერმანიამ ჩეხეთი მთლიანად შეიერთა (1939 წლის მარტი) ინგლისი და საფრანგეთი მხოლოდ პროტესტის ნოტით დაკმაყოფილდნენ.
ამ მოვლენებიდან მცირე ხნის შემდეგ ლიტვამ გერმანიას დაუთმო მემელის მიწები, სლოვაკეთი დამოუკიდებელი დარჩა, თუმცა გერმანიის პატრონაჟის ქვეშ. ძნელი მისახვედრი არ იყო რომ ამ ქვეყნების შემდეგ ჯერი პოლონეთზე მიდგებოდა. ამის საპირისპიროდ პოლონეთის, საფრანგეთის და ინგლისის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას.
1939 წლის აგვისტოში ყველასთვის მოულოდნელად გერმანიამ და სსრკ-მ ხელი მოაწერეს „ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტს„ (ე.წ. „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი“), რომლის დამატებით, საიდუმლო პროტოკოლში ზუსტად იყო განსაზღვრული ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული ამბიციები აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობის შემთხევევაში. პოლონეთი გერმანიასა და სსრკ-ს შორის უნდა გაყოფილიყო, ხოლო ბალტიის ქვეყნები და ფინეთი სსრკ-ის „ინტერესების სფეროდ“ ცხადდებოდა.
იაპონიის ექსპანსიური პოლიტიკა XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. ამ ქვეყნის უმთავრესი ინტერესი ჩინეთის რესპუბლიკა იყო, რომლის ჩრდილოეთი რეგიონი, მანჯურია, 1931 იაპონიის მიერ იქნა ანექსირებული და მანშუს პროტექტორატის სახელით მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. საერთაშორისო პროტესტის გამო იაპონიამ დატოვა „ერთა ლიგა“ 1933 წელს და 1936 წელს შეუერთდა „ანტიკომინტერნის პაქტს„.
1937 წელს დაიწყო იაპონია-ჩინეთის მეორე ომი. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ იაპონიას ინდოჩინეთის დაპყრობის საშუალება მისცა. ამის საპასუხოდ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იაპონიას ემბარგო დაადეს და შეუწყვიტეს ფინანსური დახმარება. 1940 წელს იაპონია შეუერთდა „ბერლინი-რომის პაქტს“. ემბარგოს გამო იაპონიის ეკონომიკა რესურსების დიდ ნაკლებობას განიცდიდა და იმპერატორის სამხედრო წრე ერთადერთ გამოსავალს ამ კრიზისიდან აშშ-სა და ბრიტანეთის წინააღმდეგ ომში ხედავდა.
მეორე მსოფლიო ომი ევროპაში იყო გერმანიის მიერ წამოწყებული დამპყრობლური და გამანადგურებელი ომი აღმოსავლეთში „საარსებო გარემოს“ (გერმ. „Lebensraum“) მოპოვების მიზნით. გერმანიის საგარეო პოლიტიკის სავარაუდო სქემის ძირითად კომპონენტებს შეადგენდნენ:
კავშირი იტალიასა და იაპონიასთან;
ბრძოლა გერმანიისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტან ე.წ. „ებრაულ მსოფლიო შეთქმულების“ წინააღმდეგ;
ანტიბოლშევისტური გამანადგურებელი ბრძოლა აღმოსავლეთში „საარსებო გარემოს“ მოპოვებისათვის და დაპყრობილი ტერიტორიების გერმანელებით დასახლება.
გერმანიის საბოლოო მიზანი იყო მსოფლიოში გაბატონებული პოზიციის მოპოვება. „გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი არ იქნება“ წერდა ჰიტლერი თავის წიგნში „მაინ კამპფი“.
დაპყრობილი საბჭოთა კავშირი უნდა დაყოფილიყო სხვადასხვა ოლქებად რაიხსკომისრების მმართველობის ქვეშ. აქედან ბელორუსები, უკრაინელები და ბალტიისპირეთის ხალხები „საარსებოდ ვარგისად“, ხოლო რუსები კი „დაბალ რასად“ იქნენ შეფასებულნი. დაპყრობილი აღმოსავლეთ ევროპა დასახლებული უნდა ყოფილიყო გერმანელი გლეხებით და ჯარისკაცებით, ე.წ. „შეიარაღებული გლეხებით“ (გერმ. "Wehrbauern"). ნაცისტური ელიტის განზრახვით აღმოსავლეთ ევროპის ხალხები, მათი სამოქალაქო ელიტის განადგურების შემდეგ, უნდა დარჩენილიყვნენ „გაუნათლებლები, მორჩილნი და გამრჯე“ და ემუშავათ გერმანიისათვის.
1933 წლამდე ეს იდეები სერიოზულად არავის მიუღია, თუმცა ჰიტლერის პოლიტიკა სხვა არაფერი იყო თუ არა ამ გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. 1936 წლის აგვისტოში მიღებული „ოთხწლიანი გეგმა“ ითვალისწინებდა გერმანიის არმიის და ეკონომიკის საბრძოლო ვითარებისათვის მომზადებას ორი განსხვავებული ვარიანტისათვის: 1) 1941-1942 წ.წ. - გერმანიისათვის პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით არახელსაყრელი ვარიანტი. 2) 1944-1945 წ.წ. - შედარებით ხელსაყრელი ვარიანტი.
1937 წლის 5 ნოემბერს ჰიტლერმა თავისი გეგმები დაწვრილებით და დაზუსტებით წარუდგინა ვერმახტის გენერალიტეტს (იხ. „ჰოსბახის პროტოკოლი“).
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment
დაპოსტეთ თქვენი კომენტარი