სერჟანტ გიორგი კიკაძის ცხედრის ჩამოსვენება |
დღეს საქართველოში სერჟანტ გიორგი კიკაძის ცხედარი ჩამოასვენეს. აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ასევე, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები დაესწრნენ. აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც იმყოფებოდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს გარდაცვლილი გიორგი კიკაძის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და დახმარება აღუთქვა. ირაკლი ალასანიას განცხადებით: “გიორგი კიკაძის დაღუპვა დიდი ტრაგედიაა მთელი საქართველოსთვის, სამხედრო შეიარაღებული ძალებისთვის. გიორგი იყო გამბედავი და ვაჟკაცი ბიჭი. ის მეორედ იყო ავღანეთში და სწორედ გამბედაობით გამოირჩეოდა. ერთადერთი რაც დაგვრჩა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ მის ოჯახს, ყველა პირობა უნდა შევუქმნათ იმისათვის, რომ ის დიდი ტრაგედია, რაც თავს დაატყდათ, გადავატანინოთ. ჩვენ მეტი სიფრთხილით და სამხედრო პროფესიონალიზმით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოღვაწეობა საერთაშორისო ოპერაციებში, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები.” სერჟანტი გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. თავდაცვის სამინისტრომ და გაერთიანებულმა შტაბმა სპეციალური ჯგუფი შექმნა, ბრიგადის გენერლის ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. თუმცა, 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. სერჟანტი გიორგი კიკაძე 1988 წლის 16 იანვარს ქალაქ ბორჯომში დაიბადა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. კრწანისის სასწავლო ცენტრში საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ სერჟანტი კიკაძე II ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში ჩაირიცხა. 2012 წლის გაზაფხულზე მან სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად გადასროლის წინა მოსამზადებელი 6 თვიანი კურსი გაიარა. გიორგი კიკაძე ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა. თავდაცვის სამინისტრო სრულად აანაზღაურებს ავღანეთში დაღუპული სერჟანტ გიორგი კიკაზის დაკრძალვის ხარჯებს. ასევე, მის ოჯახს გადაეცემა კომპენსაცია.
No comments:
Post a Comment
დაპოსტეთ თქვენი კომენტარი